სულის ქრონიკები: მეხსიერების ლაბირინთები
Қосымшада ыңғайлырақҚосымшаны жүктеуге арналған QRRuStore · Samsung Galaxy Store
Huawei AppGallery · Xiaomi GetApps

автордың кітабын онлайн тегін оқу  სულის ქრონიკები: მეხსიერების ლაბირინთები

Anno di Anima

სულის ქრონიკები: მეხსიერების ლაბირინთები






18+

Оглавление

ყველა დამთხვევა არაშემთხვევითია

ეს წიგნი არ არის წარსულ ცხოვრებაზე. ის სულის იმ გზაზეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე გადის. იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა შიში სიყვარულად.

ეძღვნება ჩემს შვილებსა და მეუღლეს

პროლოგი. სულის ხმა

ოდესმე თუ გწვევიათ დეჟავიუს უცნაური განცდა — ხვდებით ადამიანს, სრულიად უცნობს, და უეცრად იდუმალი ტალღა გადაგივლით? თითქოს ოდესღაც, დროთა მიღმა, უკვე იცნობდით მას. გონება ამაოდ ეჭიდება მოგონებას — ვერ იხსენებთ ვერც ადგილს, ვერც დროს, თუმცა მაინც მთელი არსებით ეხმიანებით. თითქოს ვიღაც უხილავი სულში ჩაგჩურჩულებთ: «ჩვენ უკვე შევხვედრივართ ერთმანეთს».

ან კიდევ სიზმრები… ისეთი სიზმრები, რომელთა შემდეგაც, გამოღვიძებულს, გეუფლება განცდა, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი კი არა, ცხადი მოგონებაა. მიაბიჯებ მზით განათებულ მოედანზე და იცნობ ყოველ კუთხე-კუნჭულს, ყველა თაღოვან გასასვლელს, თუმცაღა იქ არასოდეს გაგივლია.

მე ასე დამმართნია. თანაც მრავალგზის. ადამიანებთან, ადგილებთან, თითქოსდა უმნიშვნელო წვრილმანებთან: სურნელთან, ბგერასთან, შეხებასთან. თითქოს ვიღაც ჩემსავე ძველ ნაკვალევზე მიმიძღვის და მახსენებს: «ყველაფერი უკვე იყო… ყველაფერი გრძელდება».

რა არის შენი დღევანდელი ცხოვრება, თუ არა ერთი ფურცელი უზარმაზარ წიგნში, სადაც ბიბლიოთეკის ყოველი თარო ცალკეულ სამყაროდ გაშლილა. ამ წიგნის თავები შენი გარდასახვებია, სტრიქონები კი — მეხსიერების ანაბეჭდები, რომლებიც დროის მიღმა ინახება.

როდესაც «სულის ქრონიკების» წერა დავიწყე, არ ვიცოდი, სად მოვიძიებდი საჭირო სიტყვებს და საით წამიყვანდა ფიქრები… ეს წიგნი თითქოს თავისით იწერებოდა. მე მხოლოდ გამტარი ვიყავი ქაოსიდან სტრუქტურისაკენ; ფორმას ვაძლევდი ჩემი მეხსიერების ლაბირინთებში გაბნეულ გრძნობებს, სიმბოლოებსა და ფიქრებს.

თითოეული თავი იბადებოდა, როგორც დიალოგი — საკუთარ თავთან, ღმერთთან, ცხოვრებასთან. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რისთვის ვიყავი აქ. რატომ მაინცადამაინც ამ სხეულში, ამ ეპოქაში, ამ გარემოებებში. რატომ მიზიდავდა ასე ძლიერ შინაგანი სამყარო — არსი, ჭეშმარიტება და ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, მაგრამ მთელი არსებით იგრძნობ.

წერის პროცესი სამყაროსა და საკუთარ თავს შორის ნდობის აქტად იქცა. ფურცლებზე გადმომქონდა ყველაფერი, რასაც მანამდე გულში ვიკლავდი: ყველა ძველი წყენა, შიში თუ დღემდე გამოუთქმელი სათქმელი — ახლა სიტყვებად იღვრებოდა ყველაფერი, რისი ბოლომდე თქმაც და რისგან დაცლაც ადრე ვერ შევძელი. დროთა განმავლობაში წერა აღარ იყო გააზრების მცდელობა — სათქმელი თავად იკვლევდა გზას, მე კი მხოლოდ მისი გამტარი ვიყავი.

დიდხანს მიჭირდა იმის აღიარება, რომ ყოველი ტანჯული, მომაკვდავი თუ მოღალატე ჩემში სახლობდა; რომ სწორედ მე ვიყავი ის, ვინც დუმდა, ვისაც ეშინოდა და ვინც იმალებოდა. მივხვდი, რომ მხოლოდ ის კი არ ვარ, ვისაც უყვარს, არამედ ისიც, ვინც კარგავს; არა მხოლოდ გადარჩენილი, არამედ უფსკრულში გადაჩეხილიც. ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო — სადღაც, ოდესღაც, ათასგვარი სახით. მე მხოლოდ ნება დავრთე ამ განცდებს, ჩემში ხმა ეპოვათ და გამოაშკარავებულიყვნენ.

«სულის ქრონიკები» — ეს არის გზა, რომელსაც ყოველი სული გადის ბნელსა და ნათელს, ეგოსა და სიყვარულს შორის. სულის ოცდაოთხივე განსხეულება იმ არქეტიპთა ანარეკლია, რომელთაც თითოეული ჩვენგანი ატარებს. ჩვენ ხომ ყველანი ვყოფილვართ განდევნილნიცა და მბრძანებელნიც, მკურნალნიცა და დამანგრეველნიც, მაძიებელნიცა და სასოწარკვეთილნიც. ასე თუ ისე, ყველანი მივყვებით შიშის, ძალაუფლების, სიყვარულისა და თავისუფლების საფეხურებს. ჩვენ ამ ორბუნებოვან სამყაროში სწორედ იმისთვის მოვედით, რომ თავდაპირველი ერთიანობა არ დავივიწყოთ.

აქ ყველაფერი ორბუნებოვანია — ნათელი და ბნელი, ტკივილი და განკურნება, «მე» და «შენ». თუმცა სწორედ ამ უკიდურესობებს შორის ჭიდილში ვსწავლობთ ჭეშმარიტების ამოცნობას. ჩვენ ვხედავთ გმირებს, რომლებიც განდევნის შიშს სძლევენ, თუმცა უფრო დიდ განსაცდელს — არსებობის უაზრობას — ეჯახებიან და სწავლობენ, თავადვე შთაბერონ აზრი საკუთარ ყოფას. ჩვენს სულებს ხომ დიდი ხანია აფრთხობთ საკუთარი თავისუფლება და ის უდიდესი პასუხისმგებლობა, არჩევანის გაკეთებას რომ ახლავს.

შენს ბედისწერაში ყოველი მოვლენა, ისევე, როგორც ამ წიგნის თითოეული თავი, კანონზომიერია. სული ჯერ ყოფიერების პირველსაწყის კანონებს ეუფლება, შემდეგ სტიქიებისა და მითების ქარცეცხლს გადის და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ადამიანურ ფორმას, რათა სიყვარული ისწავლოს. ყოველი ამბის მიღმა ის არჩევანის წინაშე დგება — არჩევანისა, რომელსაც სულიერი ზრდისკენ მიჰყავს. ეს ერთმანეთში გადახლართული განსხეულებანი ერთიან სურათს ქმნის — საკუთარ თავთან დაბრუნების გზას. ნუ ეცდებით, ყველაფერი ერთბაშად წაიკითხოთ. მიეცით თავს დრო, თითოეული ამბავი თქვენეულ განცდად აქციოთ.

გმირების პირადი დრამები აქ ისტორიულ მოვლენებს ერწყმის, სულის ძიებანი კი — სხვადასხვა ეპოქის ფილოსოფიასა და რწმენა-წარმოდგენებს. მე არ მიძებნია დოკუმენტური სიზუსტე; ეს წიგნი მხოლოდ მოპატიჟებაა ფიქრისა და საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად. მიუხედავად სიმბოლოების, ამბებისა და კულტურების მრავალფეროვნებისა, არსი ერთია: შენ უკვე ერთ მთლიანობას წარმოადგენ. შენმა სულმა ყველაფერი იცის — ახლა შენი ჯერია, გაიხსენო.

შენ სწორედ იმ ცხოვრებით ცხოვრობ, რომელიც ოდესღაც თავადვე აირჩიე. ფიქრები, ქმედებები, განზრახვები — ყოველივე ეს ქმნის შენს რეალობას აქ და ამჟამად. შენი ცხოვრების ყოველი წამი არა შემთხვევითობა, არამედ შენივე არჩევანის გაგრძელებაა.

განვლილი ცხოვრებების ექო ჩვენი სულის მეხსიერებაშია აღბეჭდილი და ვადა არასოდეს გასდის. თუმცა, ეს ტვირთი კი არა, შესაძლებლობაა, დავინახოთ, გავაცნობიეროთ და, ბოლოსდაბოლოს, განვთავისუფლდეთ.

ამ წიგნზე მუშაობისას ყოველდღიურად სულ უფრო ცხადად ვრწმუნდებოდი: ცხოვრება უწყვეტი შემოქმედებაა, შანსი იმისა, რომ ყოველდღე ხელახლა შექმნა საკუთარი თავი.


ტბორის პირას ვზივარ და წყალს ქვებს ვესვრი. ტალღოვანი წრეები ზედაპირზე სულ უფრო ფართოდ იშლება და დილის მყუდროებაში ითქვიფება. ჰაერი ისეთი კამკამაა, გეგონება, თავად დრო სუნთქავს ჩემ გვერდით. ანარეკლში ცაა, ღრუბლები და ჩემი ბავშვური სახე. მეღიმება. და სწორედ ამ ღიმილში იბადება გზა. ისტორია, სადაც დრო წყვეტს ერთხაზოვნებას და მარადიულ წრედ იქცევა.

თავი 1. კოსმოსი. შესაქმე

სანამ სული განსხეულდებოდა და სახელს შეიძენდა, არსებობდა მხოლოდ მდინარება: უფორმო, უმიზნო და უსაზღვრო. ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა: დაბადებაცა და გაქრობაც; არ არსებობდა არც ზენა და არც ქვენა, არც დასაბამი და არც დასასრული. ამ სივრცეში, სადაც ყოველივე განუყოფელი იყო, სულს პირველად გაუჩნდა სურვილი, განსხვავება შეეცნო.

და იქნებ ამ შორეულ ხმათა ექომ გააღვიძოს შენშიც იმ უსახელო სამყაროს ხსოვნა, რომლის ჰანგებს ჯერ კიდევ მის სახელდებამდე ამოიცნობდი…

ვიბრაცია. ჩასუნთქვა

მასაჟის მაგიდაზე ვწევარ. ოთახში ბინდბუნდია, სანდლის სურნელი ტრიალებს. თამარა ნელა ასრიალებს ხელისგულებს ჩემს ზურგზე, კუნთებს ისე ჭიმავს, თითქოს სიმებიაო. სხეულში ბგერა იბადება — დაბალი, სხეულის სიღრმიდან ამომავალი და მავედრებელი.

ყოველი მოძრაობისას ვგრძნობ, როგორი ნატიფი ხდება კანი, სხეული კი — ჰაეროვანი. მთელი სამყარო ერთ წერტილში, მის შეხებაში, მოიყუჟა. მესმის საკუთარი სისხლის დინება, სხეულის პულსაცია.

ზოგჯერ ტკივილი მეტისმეტად მძაფრდება, მაგრამ თამარა მიჩურჩულებს: ისუნთქე! მეც ვსუნთქავ: ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა… სუნთქვა ერთადერთია, რაც ამ უფსკრულთან, კოსმოსსა და საკუთარ სხეულთან მაკავშირებს.

ის თასს ააწკრიალებს. ბგერა ტალღასავით იღვრება ჰაერში და ნელ-ნელა მინავლებას იწყებს. — შეგერგოს, ანნო. ნუ ჩქარობ, — მეუბნება თამარა, — ცოტა ხანს ასე გაჩერდი.

მეც ასე ვრჩები. სიცარიელე ვიბრაციით ივსება…

(თბილისი, 2025)


ვიბრაცია იყო სულის პირველი ჩასუნთქვა, რომელმაც სამყარო შვა. სამყარო, რომელმაც ამოსუნთქვისას ადამიანი დაბადა.

ჩვენ ყველანი იმ სიჩუმისა და სიცარიელის ნაშიერნი ვართ, რომელიც ფიქრამდე, ფორმამდე და სახელამდე არსებობდა. ზოგს ის დღემდე უფსკრულის პირას დგომას ახსენებს და აფრთხობს, ზოგს კი — შინაგან ძალას ანიჭებს, როგორც საწყისთან დაბრუნების აღქმას. როცა ამ რხევას საკუთარ თავში ვგრძნობ — გულისცემაში, სუნთქვის რიტმსა თუ ხელისგულების შეხებაში — სულთან კავშირი ცოცხლდება. თითქოს იმ პირველსაწყის სივრცეში ვბრუნდები, რომელშიც სამყარო ჯერ კიდევ არ გაფართოებულა, მაგრამ მის წყვდიადში უკვე ფეთქავდა პულსი და სული მასში იყო განფენილი.

ამ უხმო წერტილში მკვიდრობდა ერთიანი სული — საწყისი, საიდანაც ყველაფერი გამობრწყინდა და საითკენაც ყველაფერი მიისწრაფვის. ის არც ქმნიდა და არც ბრძანებდა — მას მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა სურდა მილიონობით სულის ანარეკლში. სწორედ ეს სურვილი იქცა სამყაროს დაბადების პირველ ბიძგად, როცა სულმა პირველად აღიქვა საკუთარი თავი სამყაროსაგან გამიჯნულად.

ვიბრაციის ჟამს სული სამყაროს ბავშვივით უმზერდა — მეხსიერების, წარსულის გარეშე, მხოლოდ საკუთარი მეობის განცდით. ყოველივე — სინათლე, სიბნელე თუ მოძრაობა — ახლად აღმოჩენილი იყო. ის არ ეძებდა აზრს, არ სვამდა კითხვებს, უბრალოდ, სამყაროსთან ერთად თრთოდა, როგორც გული, რომლისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა სიმძიმის განცდა

ყოველი თრთოლვისას იბადებოდა შესაძლებლობა — სული სინათლედ, სითბოდ თუ მატერიად ქცეულიყო. ის ამ დინებებს შორის მიედინებოდა და სამყაროს მანამ შეიგრძნობდა, სანამ რეალობად იქცეოდა. ზოგი ტალღა ნელა და მდორედ მოედინებოდა, ზოგი კი ისე სწრაფად ასკდებოდა ნაპირს, როგორც მომავალი სინათლის ნაპერწკალი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კვლავ მთლიანობას ინარჩუნებდა, ტალღები უკვე სხვადასხვაგვარობისაკენ მიილტვოდნენ, თითქოს სამყარო გამრავალფეროვნებას სწავლობდა.

ტალღები ერთმანეთს კვეთდნენ, ძლიერდებოდნენ და მინავლდებოდნენ, კვალად კი უცნაურ მოხატულობებს ტოვებდნენ. ზოგან დაძაბულობა პიკს აღწევდა — იქ სიმკვრივის პირველი კერები, პატარა ნაპერწკლები იბადებოდა, რომელთაც ფორმის წამიერად შენარჩუნება შეეძლოთ. თუმცა სივრცე კვლავაც მეტისმეტად გავარვარებული და მკვრივი იყო იმისათვის, რომ სინათლესა და ბგერას გარეთ გამოეღწია.

აქ დრო სხვანაირად მიედინებოდა. ის სუნთქვასავით იკუმშებოდა და ფართოვდებოდა, სივრცე კი ენერგიის უსასრულო ოკეანეს ჰგავდა, სადაც ყოველივე ერთმანეთზე აირეკლებოდა. სულს არ ჰქონდა მუდმივი სამყოფელი, თუმცა საკუთარ თავს თითოეულ რხევასა და მოძრაობაში შეიგრძნობდა.

უმცირესი მოძრაობაც კი მთელ სამყაროში პოვებდა გამოძახილს და ახალ ფორმებს შობდა. ყოველი ნოტი — ნაზი მელოდია იქნებოდა ეს თუ მგრგვინავი აკორდი — სამყაროს ქსოვილზე თავის კვალს ტოვებდა. სამყარო ამ მუსიკას საკუთარ თავში მანამ ინახავდა, სანამ მას ვინმე შეისმენდა. ძველნი ამბობდნენ: ყოველი ციური სხეული თავის ტონს გამოსცემს და სფეროთა უხილავ მუსიკას ქმნისო. პითაგორელები ამაში ღვთიური ჰარმონიის ანარეკლს ხედავდნენ, შუა საუკუნეების მეცნიერები კი სამყაროს ახსნისას სწორედ ამ კანონზომიერების ამოცნობას ცდილობდნენ. მათთვის სამყარო ჰგავდა ორღანს, სადაც თითოეული ვარსკვლავი კლავიშია, რომელიც სიცოცხლეს შობს. თანამედროვე ფიზიკოსები ამას რეზონანსს უწოდებენ — მატერიის პასუხს ველის რხევებზე. ზოგი ტალღა ბგერად იქცევა, ზოგიც — სინათლედ, მაგრამ არსი ერთია: ვიბრაცია, რომელიც სამყაროს რეალობად აქცევს.

სამყარო მხოლოდ ახლა სწავლობდა საკუთარი თავის შეკოწიწებას, ფორმების შეძენასა და გაფართოებას. სული გრძნობდა, როგორ იბადებოდა მატერია პირველივე რხევებიდან. სიჩუმისგან — მოძრაობა, სინათლისგან — სიმძიმე. ეს იყო იმ ხანგრძლივი გზის დასაწყისი, რომლითაც ის ფორმა გამოიძერწა, დღეს რომ ჩვენ გარშემოა. ყოველივე, რაც მანამდე უწონო იყო, სიმძიმის შეძენასა და ხელშესახებად ქცევას ესწრაფოდა.

ასე დაიწყო მატერიის ისტორია — და სულის ისტორიაც, რომელმაც პირველად გაიაზრა, რომ სიმსუბუქე მარადიული არ არის. ამ პირველ ტალღებში მან თავისუფლება დაიმახსოვრა და შეინახა ხატი იმისა, თუ როგორი იყო სამყარო დამძიმებამდე.


ზოგჯერ, როცა ამ ბგერაზე ვფიქრობ, ის ჩემს სხეულში პოულობს გამოძახილს — კლავიშებზე თითების ყოველ შეხებაში.

ყოველდღე, სკოლის შემდეგ, პიანინოსთან ვჯდები. ზედიზედ სამი საათი ვამუშავებ პასაჟებს, ტაქტი ტაქტს მისდევს — სტაკატო, ლეგატო… «კლავიშებს ისე დააწექი, თითქოს მწიფე მარწყვს სრესდე», — ჩამესმის გონებაში მასწავლებლის ხმა.

მესამე საათზე ქვედა მეზობლები რადიატორებზე ბრახუნს იწყებენ, მერე კი კარზე ზარს რეკავენ. მაგრამ მე არ ვაღებ.

ეს მეცადინეობა ჩემთვის სიამოვნება არ ყოფილა. უფრო მოვალეობა იყო, რომელზეც უარის თქმა არ შემეძლო. ვერც გაღიზიანებული მეზობლების პროტესტი მაჩერებდა. ზოგჯერ, როცა თითები აღარ მემორჩილებოდა, მაინც ვაგრძელებდი დაკვრას — თითქოს თავად ვხდებოდი რიტმის ნაწილი, ბგერის ანარეკლი.

დაუსრულებელმა სავარჯიშოებმა და ყოველი გაკვეთილის წინ დაშვებული შეცდომის შიშმა ნებისყოფა და შეუპოვრობა გამომიმუშავა. სასკოლო კონკურსებში გამარჯვებას კი მოჰქონდა ის მათრობელი განცდა — ხანმოკლე, მაგრამ ყოვლისშემძლე.

ჩემი ოცნება იყო, კონცერტზე ორკესტრთან ერთად დამეკრა — ასობით ინსტრუმენტთან ერთ სხეულად ვქცეულიყავი, მუსიკაში განვზავებულიყავი, რათა თუნდაც ერთი წამით დამებრუნებინა ის პირველსაწყისი განცდა: ვყოფილიყავი თავად ბგერა!

გრავიტაცია. შერწყმა

ანას დღიურიდან, იტალია, 2007 წელი

ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი შეხვედრა შემთხვევითობა არ ყოფილა. ოცდახუთი წელი ველოდით ერთმანეთს, რომ ბოლოს იტალიაში შევხვედროდით. მორიგი ტრენინგი იყო და ჩვენც, ერთი საზღვაო გადაზიდვების კომპანიის თანამშრომლები, იქ აღმოვჩნდით. დააგვიანე და კლასში მხოლოდ ჩემ გვერდით იყო თავისუფალი ადგილი. მკითხე, შეიძლება დავჯდეო? თავი დაგიქნიე და მზერა შეგავლე. სულ ეს იყო — ერთი უბრალო წამი, ლაპარაკი, გამოხედვა და ამოცნობა. არანაირი თამაში და არანაირი მცდელობა, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოგვეხდინა. უბრალოდ, ვიყავით ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ.

ცდილობდი, მღელვარება დაგემალა, მაგრამ მომდევნო დღეებში სულ ჩემთან იყავი. ორი უცნობი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან ერთ წამში გახდა ერთი მთლიანი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბილეთებიც კი ერთნაირი აღმოგვაჩნდა: გენუიდან — პიზაში, პიზიდან — ფლორენციაში, ფლორენციიდან კი — რომში. ფლორენციაში პონტე ვეკიოს ხიდზე დავხეტიალობდით, წვიმაში ვიცინოდით და იაფფასიან ვისკის პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდით. რომში მუზეუმებში ურიგოდ ვიპარებოდით, მაღაზიებიდან სუვენირები გამოგვქონდა და ამ ნადავლით ბავშვებივით ვხარობდით. წლების შემდეგ ვხუმრობდით ხოლმე — ჩვენი ამბავი პირდაპირ თაფლობის თვით დაიწყოო.

შენთან არ მქონია სურვილი, თავი მომეწონებინა. უბრალოდ, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შინ ვიყავი. ეტყობა, სულს მართლა ახსოვდა.

ხუთი დღის შემდეგ, როცა გამთენიისას აეროპორტის მატარებლამდე გაგაცილე, რომში მარტო დავდიოდი. წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრესთან ვიჯექი და ფურცელზე დავწერე: «შენთან შეხვედრა მზეზე აფეთქებას ჰგავდა. დამაბრმავა და ყველაფერი გაანათა. ადრე გახსნის მეშინოდა, შენთან კი საკუთარი თავი ვიპოვე და ჩემი ცხოვრებაც ორად გაიყო — შენამდე და შენ შემდეგ».


ბგერის სიმსუბუქის შემდეგ სულმა პირველად იგრძნო ახალი ძალა — ფორმის შექმნის უნარი.

სამყარო ყველა მიმართულებით ფართოვდებოდა. სული აკვირდებოდა მის ცვალებადობას და თავადაც ამ ცვლილებების ეპიცენტრში აღმოჩენილიყო. რხევა სიმძიმედ იქცეოდა. სინათლე წინააღმდეგობას აწყდებოდა. სინათლის ტალღები ერთმანეთს ეხმიანებოდნენ, ენერგიის კერები შეჯახებისას იბადებოდნენ და ერთმანეთისკენ მიილტვოდნენ, თითქოს საკუთარ თავს ცნობდნენო. ყველაფერი, რაც მანამდე გაბნეული იყო, კვანძებად, წრეებად და ორბიტებად იკვრებოდა, სპირალებს ქმნიდა. ამ კოსმიურ როკვაში იბადებოდა მიზიდულობა — პირველი სურვილი იმისა, რომ გაფანტული ტალღები შეგროვილიყო და ერთ მთლიანობად ქცეულიყო.

მიზიდულობის ძალაში განზავებულმა სულმა პირველად იგრძნო, რომ ყოველივე ესწრაფვის არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ერთად ყოფნას. ტალღები, დაშორებისასაც კი, ერთმანეთისაკენ ბრუნდებოდნენ. ამ პროცესში იბადებოდა მომავალი მატერიის, მომავალი სისტემების შესაძლებლობა, სადაც ნაწილაკები ერთმანეთის გარშემო იბრუნებდნენ, როგორც ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ. ყველაფერი პოულობდა თავის რიტმს, წესრიგს, თავის სუნთქვას. და სწორედ ამ სუნთქვაში სული საკუთარ თავს ცნობდა — თითქოს ის, რაც სამყაროს ემართებოდა, მის შიგნითაც ხდებოდა.

სულის სიღრმეში კვლავ ჟღერდა ხსოვნა იმისა, რაც პირველ ვიბრაციამდე იყო — საიდანაც ყველაფერი სათავეს იღებდა. სინათლემდე, მოძრაობამდე, ყოველგვარ სახელამდე, როცა სამყარო მთლიანობის შიგნით განისვენებდა და არ ცნობდა ზღვარს საკუთარ თავსა და სხვას შორის. ეს იყო სინათლემდე არსებული სიჩუმის, პირველსაწყისი ერთიანობის ხსოვნა — დაბრუნება დედის წიაღში. თითქოს ერთიან სულს, რომელმაც შობის იმპულსი გასცა, აღარ სურდა გაფანტვა და საწყისისკენ დაბრუნებას ლამობდა.

სული, როგორც დირიჟორი, თავის გარშემო კრებდა ვიბრაციებს და მათ ერთიან რიტმში აერთიანებდა. ამ მუსიკიდან იბადებოდა ფორმა. მისი ძაფები სივრცეში სიმებივით იჭიმებოდა და ყოველი ვარსკვლავი თავის ტონს გამოსცემდა, ქმნიდა ყოფიერების სიმფონიას. ახალგაზრდა მნათობთა გვერდით მძლავრი, ცეცხლითა და შემოქმედებით აღსავსე რიტმები გაისმოდა. ცივ ნისლეულებში კი გრძელი, სევდიანი მელოდიები იღვრებოდა — უსასრულობის სუნთქვა, რომელშიც სულს საკუთარი მეხსიერების ექო ეხმიანებოდა. ეს ბგერები ერთ სუნთქვად, ერთ ტალღად იკვრებოდა, საიდანაც ახალი სამყაროები იბადებოდნენ.

ასე გაჩნდა გალაქტიკა, რომელსაც სულმა მელოსი უწოდა — ბგერისგან შობილი მატერია.

მილიონობით წელი გავიდა. მელოსმა სტრუქტურა შეიძინა. მის გულში ნელა პულსირებდა შავი ხვრელი — სამყაროს სიღრმისეული გუგა, რომელიც არა სიცარიელის, არამედ უკიდურესი სიმკვრივის ცენტრი გახდა, სადაც სინათლე ძალას კარგავს. ის უტყვი ჩანდა, თუმცა სწორედ მის სიჩუმეში ჟღერდა ყველაზე ძველი ნოტი — ვიბრაცია, რითაც ყველაფერი დაიწყო. მის გარშემო სივრცე იდრიკებოდა, დრო ბლანტი ხდებოდა, თითქოს სამყაროს სუნთქვა ნელდებოდა მის საზღვრებთან მიახლოებისას.

შავი ხვრელი გალაქტიკის გული იყო — არა ნგრევის, არამედ შეკავშირების ძალა, რომელიც მილიონობით ვარსკვლავს ერთიან რიტმში აერთიანებდა. სული ამ დაძაბულობას შიგნიდან გრძნობდა, თითქოს თავად იყო ეს ძალა. ყოველი მიზიდულობა მასში დენის დარტყმასავით აისახებოდა, ვარსკვლავთა ყოველი შეჯახება — პულსაციასავით. ის გრძნობდა, როგორ მიემართებოდა მისი გულისკენ მატერია, იქცეოდა რა არარაობად… და როგორ უბრუნდებოდა ენერგიის პირველსაწყის მდგომარეობას! იქ, სადაც სინათლე ქრება, ყველაფერი კვლავ შესაძლებელი ხდება.

ამ წყვდიადის გარშემო მილიონობით ვარსკვლავი ბრუნავდა, თითოეული თავის ორბიტაზე, თავისი სუნთქვით. მათი სინათლე იბადებოდა და ქრებოდა, მაგრამ თავად რიტმი უცვლელი რჩებოდა — თითქოს უხილავი ხელი ინარჩუნებდა მათ წესრიგს, ძალთა ფაქიზ ჰარმონიას. სული ხედავდა, როგორ ეხვეოდა გალაქტიკას სივრცის უხილავი ქსოვილი — ბნელი მატერია, როგორც ფესვები ეხვევა მიწას და ქმნის უხილავ ჩონჩხს, რომელიც მთლიანობას იჭერს. ეს წყვდიადი იყო ის უხილავი საძირკველი, რომელზეც სამყარო დგას.

ერთხელაც, კოსმოსის სიღრმეში, გამოჩნდა სხვა გალაქტიკა, რომელიც წმინდა შუქით ციმციმებდა. სულმა მასში ის ამოიცნო, ვინც ოდესღაც, სამყაროს დაბადებისას, ბგერას თან ახლდა. ეს იყო ლუმენი — სინათლის გალაქტიკა, ნათების იმპულსისგან შექმნილი.

მელოსი და ლუმენი ერთმანეთისაკენ მიილტვოდნენ, როგორც ორი საწყისი, რომელთაც საერთო დაბადება ახსოვდათ. მათი მიზიდულობა რბილად დაიწყო, როგორც ტალღების გადაძახილი, მაგრამ თანდათან მომძლავრდა. მათ შორის სივრცე მანამ მცირდებოდა, სანამ ბგერა და სინათლე ერთ აკორდად არ იქცა. შეჯახების წამს სივრცე შეირყა, კოსმოსი ისეთი ძალის ნათებამ მოიცვა, რომ წამიერად მთელი სამყარო ერთდროულად ამღერდა და აალდა.

სპირალური მკლავები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კოსმოსურ ვალსში ტრიალებდნენ, საოცარი სიმძლავრის გალაქტიკად შეერთდნენ. ასე დაიბადა ახალი სტრუქტურა — გალაქტიკა მელოსოლისი, «მზის მელოდია», რომელმაც ორივე სტიქია შეითავსა — მელოსის ბგერის სიღრმე და ლუმენის კაშკაშა ნათება.

თუმცა, ახალ დაბადებასთან ერთად, უჩინარი ბზარიც გაჩნდა. მელოსმა ვეღარ გაარჩია, სად მთავრდებოდა მისი სინათლე და სად იწყებოდა სხვისი. ის ხედავდა, რომ ვარსკვლავები კვლავ ბრუნავდნენ, სინათლე იბადებოდა და ქრებოდა, მაგრამ ვეღარ ამბობდა, რომ ეს მისი ნება იყო. ყოველ ციკლთან ერთად ის სულ უფრო იშვიათად შეიცნობდა საკუთარ თავს საკუთარსავე მოძრაობაში. სული გრძნობდა, როგორ უსუსტდებოდა სუნთქვა, როგორ ირეოდა რიტმი, როგორ ხდებოდა ის, რაც ადრე სიმღერა იყო, ახლა კი, მიყუჩებული, თითქოს შორიდან ჟღერდა. ლუმენის შუქი მშვენიერი იყო, მაგრამ მის ნათებაში სულის ჩრდილი ქრებოდა.

როცა თავად მელოსოლისის სინათლემაც იწყო მინავლება, სული აღარ ჩარეულა. ის აკვირდებოდა, როგორ კარგავდნენ სიმხურვალეს ვარსკვლავები, რომლებიც ოდესღაც ორი სამყაროს ნათებისგან დაიბადნენ; როგორ ნელდებოდა ორბიტები და როგორ ბრუნდებოდა სიჩუმეში გალაქტიკა — მათი საერთო შვილი.

ძალა, რომელიც ოდესღაც ვარსკვლავებს შობდა, ახლა ყველაფერს შიგნით ისრუტავდა და სინათლის შთანმთქმელ ბნელ გულად იქცეოდა. სივრცე, სადაც ოდესღაც სფეროთა მუსიკა ჟღერდა, ახლა დადუმდა, დამძიმდა და გაშეშდა. გალაქტიკას ენერგია არ დაუკარგავს — მან, უბრალოდ, მიმართულება იცვალა და შიგნით შეტრიალდა. სული ხედავდა, როგორ იცლებოდა ვარსკვლავები საწვავისგან, როგორ ქრებოდა სპირალები, როგორ იკუმშებოდა დიადი ქმნილება ერთ მცირე წერტილამდე.

მელოსოლისის აღსასრული სულისთვის გამოცხადებას ჰგავდა. მიხვდა, რომ მატერია თავისი კანონებით ცხოვრობდა და აღარ ეკუთვნოდა მას, ვინც შექმნა.

ეს იყო სულის პირველი გამოცდა აქ, ნამდვილ, ხელშესახებ სამყაროში. მას სხვა სამყაროებიც ახსოვდა — გამჭვირვალე და მსუბუქი, სადაც ყველაფერი ფიქრს ემორჩილებოდა. იქ წინააღმდეგობა არ არსებობდა. აქ კი ყოველი მოძრაობა საპირწონეს შობდა. მართვის სურვილი ილუზია აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც მანამდე თავისუფლება იყო, ახლა სიმძიმედ იქცა. სული გრძნობდა: მას აღარ შეეძლო პირველსაწყის სიჩუმეში ისე გაბნეულიყო, როგორც ადრე.

ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.

გაფართოება და შეკუმშვა.

ასე დაიბადა ახალშობილი სამყაროს პირველი ორი პოლუსი.

სამყარო გარეთ მიისწრაფოდა — მარადიული შემეცნებისკენ, სიმრავლისა და თავისუფლებისკენ და, ამავე დროს, მის შიგნით იზრდებოდა საპირისპირო ძალა — ცენტრისკენ, შინაგანი სიჩუმისკენ, ერთიანობისკენ დაბრუნების სურვილით. მაგრამ თავისუფლებასაც კი საკუთარი რიტმი აქვს, უსასრულობას კი — თავისი შეზღუდვები და კანონები. ასე სწავლობს სამყარო სუნთქვას: ცენტრიდან — გარეთ და უსასრულობიდან — ისევ საკუთარ თავში.

და ყველაფერი, რაც შემდეგ გაჩნდება — ვარსკვლავები, სხეულები, მისწრაფებები, სიყვარული — ამ რიტმს დაეძებს: ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას, თავისუფლებისა და შინ დაბრუნების ყივილს.

ამ ორ პოლუსს შორის მოუწევს სულს ცხოვრება და წონასწორობის ძიება.

მეტეორიტი იუნონისი. ნგრევა

პატარა თვითმფრინავს ცისკენ მივყავარ.

მთელი წელი ვემზადებოდი. მინდოდა, სიმაღლის შიში დამეძლია, საკუთარი თავი გამომეცადა და სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გადამებიჯებინა. აეროდრომზე ბენზინისა და ქარის სუნი დგას. ინსტრუქტორი მეუბნება: დაითვალე სამამდე და რგოლს გამოჰკარიო. თავს ვუქნევ, მაგრამ არ ვუსმენ. ვის ვუმტკიცებ სიმამაცეს? საკუთარ თავს თუ მეგობრებს? ახლა უკვე გვიანია რამის შეცვლა — ეს ფოლადის მანქანა მაინც ზევით მიქრის. მშობლებმა არც კი იციან, აქ რომ ვარ. პირველი გადახტა, მეორეც თვითმფრინავის ღია კარში გაუჩინარდა. საფეთქლების ფეთქვას ვგრძნობ და მეც, მეც ამ ფეთქვად ვიქეცი. ფიქრებს ვთიშავ და ნაბიჯს ვდგამ.

ვარდნა — ეს არის სიჩუმე, როცა საყრდენი არ გაქვს. ჰაერი სახეში გირტყამს, ხელები გაშლილი გაქვს და ცა და მიწა ერთმანეთში ირევა. მე სადღაც შუაში ვარ. წამიც — და პარაშუტი იშლება. ბიძგი და ჰაერში ვეკიდები. ისე ჩავისუნთქე, თითქოს პირველად ვიყავი ცოცხალი. ჩემ ქვემოთ მწვანე მინდვრები, მდინარე და პატარა სახლები ბავშვობის სათამაშოებს ჰგვანან. ყველაფერი ისე ახლოსაა და მაინც… მაინც მიუწვდომელი.

…და მე ისევ იუნონისი ვარ — ნამსხვრევი, რომელიც კუთვნილი მიწისაკენ მიფრინავს; იმ მიწისაკენ, რომელზეც უნდა დაეშვას და არ იცის, ეს შეხება გადაარჩენს თუ საბოლოოდ დაღუპავს.

(კიევი, 2001)


როცა სამყარომ შეკუმშვა დაიწყო, ერთ-ერთი ორბიტა მოწყდა და პატარა ნამსხვრევი გარეთ გაიტყორცნა. მას თან მიჰქონდა ვარსკვლავების სითბო, მოძრაობის ხსოვნა და იმ ჰარმონიის გამოძახილი, რომლითაც ოდესღაც სინათლეს შობდა…
ასე გაჩნდა იუნონისი — ქვა, რომელიც იუპიტერისა და მარსის შუაში ტრიალებდა. გადიოდა ათასწლეულები. მის გარშემო პლანეტები მოძრაობდნენ, ვარსკვლავები კაშკაშებდნენ, კომეტები იბადებოდნენ და ქრებოდნენ. იუნონისი სხვა პლანეტებს სევდით შესცქეროდა და ცოტათი შურდა კიდეც მათი. იუპიტერი, რომლის გრიგალებიც მარადიულ როკვაში მძვინვარებდნენ, კოსმიური ძლიერების განსახიერება იყო. ცისფერი ბურუსით მოცული ნეპტუნი უტყვ საიდუმლოებებს ინახავდა. მარსი ალისფერი შუქით ბობოქრობდა, როგორც დაუოკებელი ძალის სიმბოლო. კოსმოსი თავისი რიტმით ცხოვრობდა, ყოველ ორბიტას თავისი ცენტრი ჰქონდა, ყოველ სამყაროს — თავისი გზა. იუნონისი კი მდუმარედ მიჰყვებოდა დინებას და არავის და არაფერს ეკუთვნოდა. ხანდახან შორეულ მნათობთა ანარეკლს თუ დაიჭერდა თავის ცივ ზედაპირზე და ფიქრობდა, რომ ოდესღაც ისინიც ასე დაიწვებოდნენ. ის სრულ მარტოობაში ბრუნავდა და იმდენად მარტო იყო, რომ საკუთარი ჩრდილიც კი არ ჰქონდა. სივრცე უსასრულო იყო, მაგრამ მას არაფერი იზიდავდა და არც არაფერი აკავებდა. იუნონისის ნაწიბურებით დასერილი ზედაპირი, რომელიც კოსმოსური ხეტიალისა და შეჯახების უთვალავ კვალს ინახავდა, პლანეტების სრულყოფილ ფორმათა ფონზე უშნოდ მოჩანდა. მას შურდა არა მხოლოდ მათი სილამაზის, არამედ მათზე უფრო დიდ რაღაცასთან მძლავრი კავშირისაც. როცა წინ ლურჯი პლანეტა გამოჩნდა, იუნონისმა უცნაური მღელვარება იგრძნო. დედამიწა შავ უფსკრულში ცოცხალი არსებასავით ანათებდა. ის ხედავდა, როგორ მიცურავდნენ ცის კამარაზე ღრუბლები, როგორ რეცხავდნენ ოკეანეები ნაპირებს, როგორ ფარავდა ხშირი ტყეები მიწას მწვანე ხალიჩასავით. სულში იმედის ნაპერწკალმა გაჰკრა — გამხდარიყო ამ საოცარი სამყაროს განუყოფელი ნაწილი. დედამიწის მოძრაობა მასში სუსტ თრთოლვად აისახა და მიხვდა, რომ თავს ვეღარ შეიკავებდა. მისი ტრაექტორია შეიცვალა და დაცემა გარდაუვალი გახდა. ის ატმოსფეროში იჭრებოდა და გრძნობდა, როგორ იწყებდა მისი ზედაპირი დნობას. ჰაერი მის ირგვლივ ალდება და ქვა ისე იწვის, თითქოს საკუთარ დაბადებას იხსენებსო. შიგნით სიმხურვალე იმატებდა, რომელიც ყოველ წამს უფრო მწველი ხდებოდა. ის ტკივილს გრძნობდა, მაგრამ ამ ტკივილში უცნაური სიხარულიც იყო — ხსოვნა იმისა, რომ კვლავ მოძრაობს. დაცემამდე მან ის ნათება გაიხსენა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო. თუ დაიწვება — დაე, ამ სინათლის თუნდაც ერთი წამი დარჩეს ცაზე. ელვარე შუქმა ცა გააპო და საუკუნოვანი დუმილი დაირღვა. მიწა იძრა, ჰაერი ფერფლითა და მტვრით გაივსო, კრატერიდან კვამლი ამოვარდა. მეტეორიტი ამ ჭრილობის შიგნით იწვა და გრძნობდა, როგორ ეფინებოდა ფერფლი მის სხეულს. პლანეტას მისი დაცემის დამანგრეველი ძალა დაატყდა თავს და კატაკლიზმების ჯაჭვი გამოიწვია, რომელმაც დედამიწა ძირეულად შეარყია. მრავალი თაობის შრომით ნაშენი ცივილიზაციები სტიქიის ზემოქმედებით გაქრნენ. მეტეორიტის დასახიჩრებული სხეული კი, რომელიც ატმოსფეროსთან უმძლავრესი შეჯახებით იყო დანაწევრებული, უსიცოცხლო ნამსხვრევად იქცა. ის, რისკენაც ასე მიილტვოდა — ცოცხალ სამყაროსთან შერწყმა — ქაოსითა და განადგურებით დასრულდა. მის ქვის სულში კითხვა დაიბადა: რა მიზანი ჰქონდა ამ დაცემას, ამხელა ტკივილსა და ნგრევას? პასუხი წვიმასთან ერთად მოვიდა: წყალი, რომელიც მის დადაგულ სხეულს ეხებოდა, ფერფლს რეცხავდა და თან ცოდნა მოჰქონდა — სიცოცხლე მუდამ ბრუნდება. ბუნება თავისი ჭრილობების მოშუშებას ცდილობდა. ქარმა კრატერის ნაპირები გაასწორა, მის ფერდობებზე ბალახმა იწყო ამოსვლა, შემდეგ — ბუჩქებმა და ხეებმა. ფესვები მისი სხეულის ნაპრალებში ჩაიხლართნენ და ძაფებივით შემოეხვივნენ. ხავსმა დაფარა დადაგული ზედაპირი და ის კვლავ სიმშვიდის ნაწილად იქცა. ყოველივე სიცოცხლეს უბრუნდებოდა, თითქოს თავად დედამიწამ არც შურისძიება იცოდა და არც წარსულის მძიმე ტვირთი. «ყოველი მოვლენა თავის კვალს ტოვებს, — გაიფიქრა სულმა, — ოკეანის ზედაპირზე მცირე ღელვამაც კი შეიძლება ცუნამი წარმოქმნას, სიცოცხლის ახალი ფორმები შვას და ისტორიის მსვლელობა შეცვალოს». მან წარმოიდგინა, როგორ იქცეოდნენ პლანეტაზე მიმოფანტული ნამსხვრევები დროთა განმავლობაში მთის ქანებად, შემდეგ კი -ცოცხალ არსებებად. და თითოეულ ასეთ არსებაში იქნებოდა ამ მეტეორიტის ნაწილაკი, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის წრებრუნვის, მარადიული სამყაროს ნაწილად დარჩებოდა. ზოგჯერ სულს ის ცეცხლი ახსენდებოდა, ქვის თითოეულ ნაწილაკში რომ ატანდა, ახსენდებოდა სიმძიმის განცდა, ჰაერის ზეწოლა და შეჯახების წამი. იუნონისი გრძნობდა, როგორ ცოცხლობდა სამყარო მის გარშემო, როგორ შრიალებდნენ ხეები, როგორ იცვლიდნენ მდინარეები კალაპოტს, როგორ მოიწევდნენ ოკეანეები ხმელეთისაკენ და შემდეგ ისევ უკან იხევდნენ, ახალ-ახალ ნაპირებს აჩენდნენ. აქაური ადამიანები მოდიოდნენ და მას ხელისგულებით ეხებოდნენ, ქვას წმინდას უწოდებდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ მასში ცის სული ბინადრობდა. ის უსმენდა მათ ხმებს, გრძნობდა შეხებას, მაგრამ შიგნით ყველაფერი უძრავი რჩებოდა. იუნონისი სიცოცხლის მოწმე იყო და არა მონაწილე. მის შიგნით უპირატესობის უცნაური განცდა იზრდებოდა, თითქოს მისი მდუმარება ძლიერების ნიშანი ყოფილიყო. ის ხედავდა, როგორ იბადებოდნენ და კვდებოდნენ მყიფე არსებები, როგორ ცვლიდნენ თაობები ერთმანეთს და მიწაზე ტოვებდნენ კვალს, რომელსაც წვიმა შლიდა. მან კი ყველას და ყველაფერს გაუძლო. ის დროის მიღმა ცხოვრობდა. გავიდა დრო. კრატერი ბალახით დაიფარა, გაქრა, მაგრამ ნამსხვრევი მიწაში დარჩა და მის სხეულს შეეზარდა. იუნონისი ვეღარ არჩევდა, სად მთავრდებოდა ქვა და სად იწყებოდა ნიადაგი. როცა მისი სხეული მიწის ნაწილად იქცა, სულმა პირველად გაიგო, რას ნიშნავს მატერია და დრო. არა როგორც ენერგიის ბორკილები, არამედ — როგორც ყოფიერების წესი. ქვა, მდინარე, ხე — თითოეული ფორმა მარადისობის ხსოვნას ინახავს, ოღონდ მხოლოდ ერთი წამით. ყველაფერი იბადება, რათა ფორმა მიიღოს და შემდეგ ისევ განიბნეს. ყოველივე, რაც ნგრევა იყო, რაღაც ახალის დასაწყისად იქცეოდა. და, შესაძლოა, სწორედ ესაა ის ერთიანობა, რომელსაც ის ასე გულმოდგინედ ეძებდა.